„საზოგადოებაში დაბრუნება“ – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების განხორციელება იწყება

ევროკავშირი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს თბილისი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ოფიციალურად იწყებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ექვსი პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტის რისკის ქვეშ მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
„უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირი მნიშვნელოვან და მრავალფეროვან დახმარებას უწევს საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის დაწესებულებებს, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის სახით, ხოლო საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს საგრანტო დაფინანსებას სთავაზობს. ამ მიმართულებით, ევროკავშირი უკვე არაერთი ორგანიზაციის დონორი გახდა, რომელთა პროექტებიც მიმართული იყო პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისაკენ.
ხუთშაბათს კიდევ ექვსი პროექტი ამოქმედდა, რათა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 11 მილიონი ლარის ოდენობის საერთო ბიუჯეტით უფრო მეტი მომსახურება გაუწიონ აღნიშნულ ადამიანებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებით. ახალი პროექტები ძირითადად, გააუმჯობესებს პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს სამიზნე ჯგუფებისათვის (4 პროექტი), გაუწევს ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო დახმარებას (1 პროექტი), და დანაშაულის პრევენციის ინტერვენციებს განახორციელებს ბავშვებისა და არასრულწლოვნებისათვის (1 პროექტი). ყველა პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, სახვადასხვა რეგიონებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტებს განახორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საინფორმაციო სამედიცინო – ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი და ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაშიონალი.
პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც EU4Justice (“ევროკავშირი სამართლისათვის) პროგრამის სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამისათვის ევროკავშირმა 2015 წელს 50 მილიონი ევრო (დაახლ. 145 მილიონი ლარი) გამოყო. ექვსივე ინიციატივა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასრებული ასოცირების ,,დღის წესრიგის“ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში უნდა გაგრძელდეს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პოლიტიკა, ხელი შეეწყოს ისეთ მიდგომებს, როგორიც არის: არასაპატიმრო სასჯელი, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, აქტიურად იქნას გამოყენებული პრობაცია, თავდებით ნაადრევი გათავისუფლება, აცილება და შუამდგომლობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები