პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლეს მუხლის გადაკვალიფიცირების კუთხით, შესაბამისად, პროკურატურა დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული
”სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური.
რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით. თუმცა, ჩვენ კოლეგა ადვოკატებს არ დავემსგავსებით და ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, ჩვენ ვრჩებით სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანი გასამართლდა გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს პირველმა ინსტანციამ 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.ისინი 4 მილიონ ლარამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის არიან დაკავებული, თუმცა ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები