საქართველოში, ახალგაზრდების 20% მიმდინარე კრედიტს იხდის – კვლევის შედეგები

„საქართველოში ახალგაზრდების 20% იხდის მიმდინარე კრედიტს, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190 ლარს შეადგენს“, – ამის შესახებ ნათქვამია “ეისითის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის დოკუმენტში, რომელიც ახალგაზრდების ფინანსურ და საცხოვრებელ პირობებს ასახავს. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია “ეისითიდან“ აცნობეს, კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაკვეთით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და 14-29 წლის, 1200 ახალგაზრდა გამოიკითხა.
„ფინანსური დამოუკიდებლობის ხარისხის შესამოწმებლად, “ეისითიმ” სთხოვა ახალგაზრდებს, აღეწერათ მათი ყველა სახის შემოსავალი.
ახალგაზრდებმა ასევე, დაასახელეს პირები/წყაროები, ვისაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური შემოსავალი თავად არ გააჩნიათ. შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან.
პირადი შემოსავალი უფრო ხელმისაწვდომია თბილისში, სადაც რესპონდენტების 35% აცხადებს, რომ აქვს პირადი შემოსავალი. სხვა ქალაქებში პირადი შემოსავალი აქვს ახალგაზრდების 27%-ს, ხოლო სოფლად ყოველ მეხუთე ახალგაზრდას.
ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი ფინანსურ ავტონომიურობასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ჰქონდა ასაკს. ხარჯების დიდი წილი მოდის მიმდინარე კრედიტების დაფარვაზე. ახალგაზრდების 20% იხდის მიმდინარე კრედიტს, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190 ლარს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ასეთი ხარჯები განსაკუთრებით მაღალია თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტებისთვის.
სიდიდით მეორე ხარჯი – საშუალოდ 110 ლარი თვეში მოდის მოგზაურობაზე, ხოლო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის საყიდლად და სიგარეტისთვის ყველა კატეგორიის ხარჯი თვეში საშუალოდ 80 ლარია. ახალგაზრდები გართობაზე თვეში საშუალოდ 60 ლარს ხარჯავენ და ეს ხარჯი მოიცავს, როგორც კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასევე მეგობრების შეკრებებსაც, ხოლო მათი ყოველდღიური გადაადგილების სატრანსპორტო ხარჯი თვეში დაახლოებით 55 ლარია.
სახლის გარეთ კვებას ასევე საგულისხმო წილი აქვს ხარჯებში და თვეში საშუალოდ 42 ლარს შეადგენს. წიგნების შესაძენად, მობილურისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის ახალგაზრდები თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე მცირე ნაწილს ხარჯავენ.
ახალგაზრდების 70% ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, როგორც მოსალოდნელი იყო, იკლებს ასაკის ზრდასთან ერთად. 14-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ახალგაზრდების 90% ცხოვრობს მშობლებთან ერთად. საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში (19- 24 წელი) ეს მაჩვენებელი 67% არის, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში მშობლებთან ერთად რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს.
ოჯახების 5,1%, რომლებშიც ახალგაზრდები ცხოვრობენ, მხოლოდ ერთ ოთახში არაიან განთავსებულნი. რესპონდენტების 14% ცხოვრობს სახლში, რომელსაც 2 საძინებელი აქვს, 28% ცხოვრობს სახლში, რომელსაც 3 საძინებელი აქვს, ხოლო დანარჩენი რესპონდენტები ცხოვრობენ 4 ან მეტსაძინებლიან სახლებში
რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაის-ივნისის პერიოდში, ხოლო თვისებრივი კვლევა – რაოდენობრივი კვლევის შედეგების პირველადი ანალიზის შემდეგ, კერძოდ, 2016 წლის ივლისში. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები