პრემიერის პრესსამსახური გიორგი ცერცვაძის საქმეზე: საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს
ქართული მხარე უკრაინულ მხარესთან ინტენსიურად მუშაობს, რათა უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.
„ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს უკრაინულ მხარესთან, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება. ამის შესახებ გუშინ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა და განცხადება გააკეთა პროკურატურამ – საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული“, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
მათივე განცხადებით, პრემიერი სრულად იზიარებს ამ პოზიციას.
„პრემიერი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს”, – განაცხადეს პრემიერის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.