153-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელი პედაგოგს შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
მუხიანის 153-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი პედაგოგს შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მშობლის მტკიცებით, ბავშვს სახეზე დაზიანებები და სილურჯეები შენიშნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
„ბავშვს სახეზე ნაკაწრები და სილურჯეები ჰქონდა. ამის მერე დავეჭვდი და გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. ბავშვი გადავიყვანეთ იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ექიმებმა დამიდასტურეს, რომ არასრულწლოვანს სახისა და კისრის მიდამოში ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. თვითონ ბავშვიც მეუბნება მცემა თამუნა მასწავლებელმაო“, – განაცხადა მშობელმა.
თავად პედაგოგი ბავშვის ცემის ფაქტს არ ადასტურებს. 153-ე ბაგა-ბაღში, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ბაღების მართვის სააგენტომ მოკვლევა უკვე დაიწყო და პედაგოგი სააგენტოშია დაბარებული.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.