ბიზნესსექტორი ხვალ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდება
ბიზნესსექტორი ხვალ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის, „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში 11:00 საათისთვის გაიმართება. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე გახსნიან.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრებიან, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე ნათია თურმავა, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და “სტარტაპ საქართველოს” ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე. შეხვედრის მიზანია ბიზნესსექტორის ინფორმირება საპარტნიორო ფონდის და “სტარტაპ საქართველოს მიერ მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორს, მიიღოს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება, საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.), ხოლო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიზანია, ორგანიზება გაუკეთოს ბიზნესსექტორისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება .