ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის კომიტეტმა ახალ წევრად აირჩია

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად აირჩია.
მისი კანდიდატურა  ბათუმში, 2016 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე სიტყვით გამოსვლის წარადგინეს.

„ჩემთვის საამაყოა და დიდი პატივია, რომ ამირჩიეს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ამ ორგანიზაციის წევრებს დიდი მიღწევები აქვთ კულტურის სფეროში თავიანთ ქვეყნებში. აჭარა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი კულტურული ცენტრია და რეგიონს სამომავლოდ უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია, კულტურათა შორის დიალოგის და კულტურის დიპლომატიის მხრივ“, – განაცხადა ევროპის კულტურის პარლამენტის ახლად არჩეულმა წევრმა, ნათია სირაბიძემ.

ევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოდან ხუთი წევრია წარდგენილი: რუსუდან ფეტვიაშვილი, ლევან ხეთაგური, დავით საყვარელიძე, დავით ლორთქიფანიძე და ნათია სირაბიძე. წელს ევროპის კულტურის პარლამენტის პირველი სხდომა მაისში ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართება.

ევროპის კულტურული პარლამენტი 2001 წელს ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში დაარსდა და მის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება, კულტურის სფეროში იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა  წარმოადგენს. ორგანიზაცია აერთიანებს 160 წევრს ევროპის 43 ქვეყნიდან. ევროპის კულტურის პარლამენტის წევრები არ წარმოადგენენ რომელიმე ორგანიზაციას, არამედ არიან თვიანთი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპაში კულტურის პოლიტიკის შემუშავებისას.

რაც შეეხება ნათია სირაბიძეს, ის არის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ამჟამად ლექციებს კითხულობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტებში. ის გახლავთ ბიზნესადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF, აშშ) და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს პიარში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

ნათია სირაბიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია. იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. კითხულობდა ლექციებს ამერიკისა და აზიის ქვეყნებში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელემედიაში. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს – “წარმატების გასაღების” ავტორი. გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. არის საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი, მედიამენეჯერთა საერთაშორისო კლუბის წევრი და სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები