ირაკლი სესიაშვილი ცერცვაძის საქმეზე ოპოზიციას აკრიტიკებს – ეს არის მავნებლობა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უკრაინაში დაკავებული ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს მავნებლურს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, ქართული მხარე უკრაინის ყველა შესაბამის ორგანოსთან თანამშრომლობს. იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხარეს ცერცვაძეს არ გადასცემენ.

„ის, რასაც აკეთებს დღეს ოპოზიცია, რომ ყვირის და ისტერიკებს აწყობს, ეს არის მავნებლობა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და იმ ადამიანის წინააღმდეგ.
ჩვენი სახელმწიფო ჩართულია უშუალოდ უკრაინის ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოსთან და ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ, ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთის მხარეს იქიდან გამომდინარე, რომ აქ, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქესთან და მეორე მხრივ, კი არის გარკვეული სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს, საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები