თეა წულუკიანმა საზოგადოებას მოუწოდა, ცერცვაძესთან დაკავშირებული აჟიოტაჟისგან თავი შევიკავონ

ჩვენმა სახელმწიფომ უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იქნას უკრაინის ტერიტორიაზე დაცული – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
წულუკიანმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შევიკავონ აჟიოტაჟისგან. „ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ სხვათაშორის, ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იქნას უკრაინის ტერიტორიაზე დაცული. ეს არის ის, რაც ამ წუთში შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული და მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხართ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მითუმეტეს ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები