უახლოეს მომავალში საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის მოხარული იქნება, თუ ამ კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს მე-9 მოწვევის პარლამენტიც შეიტანს. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტში, უახლოეს მომავალში, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ირაკლი კობახიძემ ელჩს პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და დაგეგმილ საპარლამენტო საქმიანობაზეც. შეხვედრაზე, თავის მხრივ, განცხადება გააკეთა მარიუშ მაშკიევიჩმაც. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ანჯეი დუდა ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიუშ მაშკიევიჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები