ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი კიდევ ხუთ რაიონში დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღისა და ახალქალაქის რაიონებში ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა დაასრულა. ამიერიდან, ამ რაიონებში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული.
ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის ის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.).
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სიღნაღისა და ახალქალაქის რაიონებში 2269 ბაინდერი დამუშავდა. ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნა, რაც ინფორმაციის მოპოვებასა და კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებას მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.
საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება, სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება, რაც თავის მხრივ, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.
მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 82 თანამშრომელია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ (ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა).
ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით 64 რაიონიდან 54 დაარქივებულია. პროცესი 2 რაიონში – თელავსა და ზესტაფონში მიმდინარეობს.
დასამუშავებელი მასალისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტი წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები