შსს უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

 შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავებას ეხმაურება. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა.
შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავის მოვალეობას ასრულებს, ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი.
ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ შესაბამისი პროცედურების გავლით (რაც გულისხმობს მის შესაბამისობას ინტერპოლის კონსტიტუციასთან, კერძოდ, თუ დანაშაული არ განეკუთვნება სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ, რასობრივს და არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს), 2016 წლის 23 დეკემბერს, დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 1969 წელს 2 აპრილს დაბადებული გია ცერცვაძე. აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება). ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე–5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას. ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით“,-განმარტავენ შსს-ში.

ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 23 დეკემბერს გამოცხადდა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები