ზაქარია ქუცნაშვილი: კონსტიტუციაში უნდა გავაჩინოთ ჩანაწერი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ

 „ჩვენც უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და გავუგზავნოთ ეს გზავნილი აფხაზ და ოს ძმებს, შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული სტატუსი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ჩვენ კონსტიტუციაში უნდა გავაჩინოთ ჩანაწერი იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი ექნება.
დეპუტატი განმარტავს, რომ აღნიშნულ პოზიციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის რამდენიმე იურისტი იზიარებს. “ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სტატუსის გაგზავნა ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან არის სწორი, დროული და აუცილებელი.
თუკი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ჩვენი მეგობრებისთვის მისაღები იქნება, რასაც ალბათ დრო დასჭირდება, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა. დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღგენისათვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონერა – ჰონგ-კონგის სისტემას და დანარჩენი ჩინეთის სახელმწიფოს მოწყობას. ჩვენც უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და გავუგზავნოთ ეს გზავნილი აფხაზ და ოს ძმებს, შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული სტატუსი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა მედიისთვის ამჯერადაც დახურულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები