როგორია ირმა ყოჩიაშვილის ფსიქოლოგიური პროფილი?- ჩემს შემთხვევაში საერთოდ არ მივუსჯიდი პატიმრობას

“დედის სიკვდილზე ვფიქრობ, რომ იმსახურებდა სიკვდილს. სიცოცხლეში ვერ დაინახა ჩემი სიკარგე. სიკვდილმა დაანახა ყველაფერი, როგორი კარგი ვიყავი, რას განვიცდიდი, რა მტკიოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მან დაინახა ჩემი სამყარო. ასე ვფიქრობ“, – ეს სიტყვები 76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ფსიქოლოგ-პროფაილერ მარინა მათიაშვილთან გასაუბრების დროს განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შვილის მიერ მოკლული ლუბა ყოჩიაშვილის საქმეში გამოძიებამ ფსიქოლოგ-პროფაილერი ჩართო. ფსიქოლოგი მარინა მათიაშვილი დეტალურად აღწერს ირმა ყოჩიაშვილთან გასაუბრების პროცესს. როგორც სტატიაში წერია, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ირმა ყოჩიაშვილი ადასტურებს, რომ თავადაც მონაწილეობდა დედის გვამის დანაწევრებაში, კერძოდ, გარდაცვლილ დედას თითები მოაჭრა. ფსიქოლოგთან საუბრისას კი ის ამ გარემოებების შემსუბუქებას შეეცადა.
„თავი მოჭრილი იყო უკვე. რაღაც ნაწილები მოჭრილი ჰქონდა. ხელებიც მოჭრილი ჰქონდა. მე თითები კი არა, კანი ავათალე პატარაზე მხოლოდ“, – ამბობს ფსიქოლოგთან საუბრისას ყოჩიაშვილი, რასაც სპეციალისტი ასე ხსნის: „იგრძნობა ტენდენცია, რომ ერთგვარად შეარბილოს გამოვლენილი სისასტიკე. კითხვაზე მომხდარის შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა და თავს როგორ გრძნობდა, ასე პასუხობს: „ბექას სახლში წავედით. ოთხი კილომეტრი ფეხით გვქონდა ნასიარულები. ძალიან დაღლილები ვიყავით და დავიძინეთ“, – წერს ფსიქოლოგი.
გარდა ამისა, ფსიქოლოგი ამბობს, რომ ირმა ყოჩიაშვილი გაღვიძებულზე მეგობარი მამაკაცის მიერ გვამის ნაწილების ჭამის ფაქტს, ასევე, გულგრილად იხსენებს, ყვება ღიმილით, ყოველგვარი განცდის გარეშე, ახსნასაც აძლევს უყოყმანოდ – „მისი აზრი იყო, რომ ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადოს“.
ირმა ყოჩიაშვილის ფსიქოლოგიურ პროფილში ფსიქოლოგი მარინა მათიაშვილი წერს, რომ ზოგადად, განვითარებული მოვლენების შეფასებისას, რამ უბიძგა ამ დანაშაულისკენ, შეიმჩნევა მყარი ტენდენცია, ახსნას მომხდარი, როგორც დედის მხრიდან მისდამი მიმართული აგრესიისა და დაპირისპირების შედეგი.
„ყველაფერი დამიგროვდა წარსულიდან. ბავშვობაშიც მქონდა აზრი, რომ მოვკლავ და თავსაც მოვიკლავ-თქო. ყველა მხრივ ნერვიული ფონი იყო. დედის სიკვდილზე ვფიქრობ, რომ იმსახურებდა სიკვდილს. სიცოცხლეში ვერ დაინახა ჩემი სიკარგე. ისეთი შვილი ჰყავდა, რომ უნდა დაენახა მისი სულიერი სამყარო. სიკვდილმა დაანახა ყველაფერი, როგორი კარგი ვიყავი, რას განვიცდიდი, რა მტკიოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მან დაინახა ჩემი სამყარო. ეს ჩემი პირადი აზრია. ასე ვფიქრობ“, – ამბობს ირმა ყოჩიაშვილი.
ფსიქოლოგი ასევე აცხადებს, რომ ყოჩიაშვილის მიერ არ იკვეთება რაიმე სინანული ან ნეგატიური განცდა ჩადენილი ფაქტის მიმართ. სპეციალისტის აზრით, ყოჩიაშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ – „ეს ქალი იმსახურებდა სიკვდილს“.
„გააჩნია, ვის მოკლავ და რატომ მოკლავ. ჩემი აზრით, იმ ადამიანს დავსჯიდი, ვინც კეთილი ადამიანი მოკლა არაფრის გამო. ასეთ ადამიანს დავსჯიდი მკაცრად. ჩემს შემთხვევაში საერთოდ არ მივუსჯიდი პატიმრობას. იმსახურებდა. ეს უფრო სამართლიანობის აღდგენაა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც წამებაში ჰყავდათ ამდენი წელი“, – აცხადებს ყოჩიაშვილი.
ყოჩიაშვილის ფსიქოლოგიურ დასკვნაში ასევე წერია, რომ მას სინანული მხოლოდ მოსალოდნელი ხანგრძლივი პატიმრობის გამო უჩნდება, როგორც საკუთარ თავთან, ასევე პარტნიორ მამაკაცთან მიმართებაში.
„ახლა უფრო მაქვს სინანულის განცდა, რაც ბექასთან აღარ მაქვს ურთიერთობა. არ უნდა დამეშვა არც ბექასგან და არც ჩემგან. სინანული იმის გამო მაქვს, რომ ბექამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროს ციხეში. ნახვაზე არაა საქმე, იმას უფრო ცუდი მდგომარეობა აქვს. არ მინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს. ამას განვიცდი. რომ არ ყოფილიყო ეს მკვლელობა, გარეთ იქნებოდა. ჩემზეც განვიცდი, მაგრამ ისე რა. იმის მდგომარეობა უფრო ცუდია. არ ვიცოდი ამხელა სასჯელი თუ მოჰყვებოდა. მორალურად ეს საქციელი გამართლებულია. დახვრეტა რომ ყოფილიყო, არ ვიზამდი იმიტომ, რომ ამხელა სასჯელს ასცდებოდა ბექა“, – აცხადებს ყოჩიაშვილი და ამავე დროს იჩენს ინტერესს, რა რეზონანსი აქვს საზოგადოებაში მომხდარ მკვლელობას, იყო თუ არა რეპორტაჟები მათ შესახებ, აჩვენეს თუ არა ეკრანზე მისი გამოსახულება და ამბობს, რომ ეს გამორჩეულობის შეგრძნებაა.
„გამორჩეულობის შეგრძნებაა. ტელევიზიით გავიდა. ვიღაც უყურებს, შეიგინება. ვიღაც უყურებს და ძალიან მაგრები ხართო, იტყვის. სახეების ჩვენების წინააღმდეგი სულ არ ვიქნებოდი“, – განაცხადა ირმა ყოჩიაშვილმა ფსიქოლოგთან საუბრისას.
ამასთან, „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ირმა ყოჩიაშვილს დანაშაული აფექტის, ან სხვა რაიმე ემოციური ზეგავლენის ქვეშ არ ჩაუდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები