ირაკლი კობახიძე: სამუშაო ჯგუფის წევრთა უდიდესი უმრავლესობა თანხმდება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრთა უდიდესი უმრავლესობა თანხმდება საგარეო პოლიტიკურ კურსზე და პრიორიტეტებზე. როგორც კობახიძემ  ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროპული მისწრაფების დაფიქსირების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი მსჯელობა გაიმართა.
”ზოგადად, რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფის წევრთა უდიდესი უმრავლესობა თანხმდება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თუმცა, აქ სამართლებრივი თვალსაზრისით იყო ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა, რამდენად არის ეს კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხი, რამდენად არის ისეთი საკითხი, რომელიც უნდა აისახოს კონსტიტუციის პრეამბულაში თუ კონსტიტუციის რომელიმე თავში. ამასთან დაკავშირებით წარიმართა წმინდა სამართლებრივი სახის მსჯელობა, ეს მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ უკავშირდებოდა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შევიმუშავებთ ალტერნატიულ ფორმულირებას კონსტიტუციის პრეამბულის, სადაც აისახება ის ინიციატივა, რომელიც დღეს გაჟღერდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან, ასეთი ფორმულირება იქნება შემუშავებული და ჩვენ უკვე სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ ფორმულირებასთან დაკავშირებით. კონკრეტული რედაქცია ჩამოყალიბდება და ამ რედაქციის გარშემო წარიმართება მსჯელობა“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ პრეამბულაში ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ჩანაწერი გაკეთდეს, რასაც როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეები ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები