საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაცია მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს,  დონალდ ტრამპს  პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაცია მიულოცა.
“თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია.
ამ განსაკუთრებულ მომენტში გამოვხატავ ჩემს ღრმა რწმენას, რომ თქვენი მმართველობით, ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს მეტ ძლიერებას, განვითარებასა და კეთილდღეობას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის შუქურა სხვა ქვეყნებისთვის და მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.
გამოწვევებით აღსავსე, რთული გარემოს გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეასრულებთ გადამწყვეტ როლს უფრო დაცული, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შექმნაში. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენი ერები ერთობლივად ებრძოდნენ სხვადასხვა გამოწვევებს და მყარად იდგნენ საერთო კეთილდღეობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე.
ჩვენ მადლიერნი ვართ და ძლიერ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში, ასევე, თქვენს ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხებში.

ბატონო პრეზიდენტო, ვიმედოვნებ, რომ მექნება შესაძლებლობა, დაგპატიჟოთ საქართველოში თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. მე მაქვს ძლიერი სურვილი და ველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება მომავალში.
თქვენო აღმატებულებავ, ასეთ განსაკუთრებულ ვითარებაში, ნება მიბოძეთ, გისურვოთ წარმატება თქვენს ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ემსახურება მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან თქვენდამი ძლიერი პატივისცემის ურყევი გარანტიები”,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.
ამერიკის 45–ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს, კონგრესის შენობასთან გაიმართა. 8 ნოემბრის არჩევნებზე ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი – ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები