ადა მარშანია: შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა

“პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია”, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ცხარე კამათი გაიმართა კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირებასთან დაკავშირებით. მარშანიას განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მსგავსი ჩანაწერის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგია.

”თავშივე ვიხილავდით კონსტიტუციის პრეამბულას, როდესაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შემოგვთავაზა, რომ პრეამბულაში აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება და ნატოში შესვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა და ეს მხოლოდ ჩვენთვის არაა მიუღებელი. საერთოდ, არაა ნორმალური, არც პოლიტიკური და არც იურიდიული თვალსაზრისით, ამგვარი ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდეს. ეს მხოლოდ ნატოს ბლოკს არ ეხება, ეს ეხება საერთოდ, პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკებს”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები