ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩვენ გვჭირდება ისეთი პედაგოგები, რომლებიც სიმკაცრის გარეშე შეძლებენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ 

„ჩვენ გვჭირდება ისეთი პედაგოგები, რომლებიც სიმკაცრისა და დაძალების გარეშე შეძლებენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში, პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. ამავე შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ბავშვებს არ ეყვარებათ პედაგოგები, ისინი აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ დარჩებიან.
“ზედმეტი სიმკაცრე, მოთხოვნა აძულებს მოსწავლეს სწავლას. როგორც ჩანს, არ მიიღეთ ეს მოსაზრება, თუმცა აუცილებლად წავალთ ამ მიმართულებით. ბავშვს თუ მასწავლებელი არ უყვარს, შანსი არ არის. ძალიან მომთხოვნი მასწავლებლები ვიცი, ტყავს რომ აძრობენ მოსწავლეებს, მაგრამ 35-ივე ამბობს, რომ უყვარს და მოსწონს ეს მასწავლებელი. ამიტომ თქვენი ამოცანაა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი პედაგოგები, რომლებიც სიმკაცრისა და დაძალების გარეშე შეძლებენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ. მე თუ არ ვეყვარები ბავშვებს და მშობლებს, აღარ ვიქნები ამ თანამდებობაზე და თუ არც თქვენ – მასწავლებელი არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე”,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა თავისი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო პედაგოგებს და მათგან განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შეფასებები მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები