მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) : უარს ვამბობ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე ​

მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარს ამბობს და მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ნათქვამია მეუფე სერაფიმეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.
მსურს, ჩემთვის ვიყო და ვილოცო. მე მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს, მიუხედავად მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ: დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროდ იმოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას. ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას“, – აცხადებს მიტროპოლიტი სერაფიმე. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებამ და მრევლმა ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო 17 იანვარს პროტესტი გამოთქვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საპროტესტო განცხადება ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 16 იანვარს მათთვის ცნობილი გახდა, ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის ფაქტი. განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას იწვევდა. განცხადების ავტორები რეაგირებისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდნენ.
რაც შეეხება, საქართველოს საპატრიარქოს, მას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

16176804_1363562773666212_59327973_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები