პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიხსნა

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა და კონსტიტუციის შესაბამისი თავების და მუხლების განხილვას შეუდგა.
კომისიის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა და კომისიის წევრებს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ადამიანის უფლებების და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფია, რაც მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს, აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით. მანვე კომისიის წევრებს სამუშაო ჯგუფების მუშაობის რეგლამენტი გააცნო და პროცედურები განმარტა.
„დღეს იმართება პირველი სხდომა, სადაც შევკრებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში და დარიგდება შემდეგი სხდომისთვის. წინასწარ, უკვე შემოსულია წერილობითი მოსაზრებები და კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა თავისი წინადადებები, რომელთა განხილვაც დღეს მოხდება. თუმცა შეგვიძლია მხოლოდ ამ მოსაზრებებით არ შემოვიფარგლოთ და ღია დისკუსია გავმართოთ და მუხლობრივად განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები, რაც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას მისცემს, საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ წარმოდგენილი წინადადებებისთვის კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ტექსტის განვრცობის ტენდენცია შეინიშნება და თუ დაჯამდება ყველა მოსაზრება, რაც სამუშაო ჯგუფში შევიდა, მაშინ შესაძლოა, სამჯერ უფრო მოცულობითი და გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ.
„სასურველია, შეძლებისდაგვარად, კონსტიტუციის ლაკონური ტექსტი მივიღოთ, სადაც საჭირო იქნება ტექსტის განვრცობა და სტანდარტების აწევა. ბუნებრივია, კომისია მზად იქნება მსჯელობისთვის“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები