„GRECO“-მ მეოთხე რაუნდის ანგარიშში საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული მექანიზმი დადებითად შეაფასა

2017 წლის 17 იანვარს, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. GRECO წარმოადგენს სახელმწიფოთა ჯგუფს კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი ქვეყნების სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობის ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან შესაბამისობას და ახორციელებს მათ პერიოდულ შეფასებას.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიშის თანახმად, GRECO აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გატარებული რეფორმებისა და საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით.
GRECO-ს ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პროკურატურაში გატარებული ინსტიტუციური რეფორმა, როგორც სისტემის დამოუკიდებლობის ზრდისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კერძოდ, სახელმწიფოთა ჯგუფი დადებითად აფასებს რეფორმის ფარგლებში მთავარი პროკურორის არჩევის და გათავისუფლების ახალი წესის დანერგვას, პროკურორთა კონფერენციის, საპროკურორო საბჭოსა და სპეციალური პროკურორის ინსტიტუტების შექმნას.
სახელმწიფოთა ჯგუფი ასევე მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბებას, სადაც გადაწყვეტილებები კოლეგიურ ფორმატში მიიღება. „GRECO”-ს შეფასებით, საკონსულტაციო საბჭომ მკაფიოდ განსაზღვრა პროკურორების წახალისების და დაწინაურების კრიტერიუმები და გაზარდა სისტემის გამჭვირვალობის ხარისხი. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული ძალისხმევა.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შემდგომი დახვეწის მიზნით GRECO-ს ექსპერტთა ჯგუფი გასცემს რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც ძირითადად მოიცავს იმ გასატარებელ ღონისძიებებს, რომლებიც კონკრეტული აქტივობების სახით უკვე გათვალისწინებული და გაწერილია საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში. კერძოდ, რეკომენდაციები შეეხება პროკურორთა დანიშვნისა და დაწინაურების საკითხების მეტად საფუძვლიან დარეგულირებას, პროკურორთათვის საქმის განაწილების და საქმის ჩამორთმევის ნათელი და ობიექტური კრიტერიუმების შემუშავებას, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის განახლებას, დისციპლინური სამართალდარღვევების ზუსტად განსაზღვრასა და დისციპლინური სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფის საკითხებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მიერ GRECO- ს რეკომენდაციების შესრულება შემდეგი ანგარიშის წარდგენის პერიოდისთვის ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი.
GRECO-ს მეოთხე რაუნდის ანგარიშის განხილვა 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, სტრასბურგში მიმდინარე სესიის ფარგლებში მიმდინარეობდა. სესიის მუშაობაში ევროსაბჭოს წარმომადგენელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები