ეკა ბესელია: არც დებატების გამართვის და არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ გვაქვს

„საპარლამენტო უმრავლესობას არც დებატების გამართვის და არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ აქვს”, – ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანს, რომელიც „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაზე პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს.
ბესელიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა თავად ენერგეტიკის მინისტრმაც, რომელიც უშუალოდ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
“ამ საკითხზე არაერთი კომენტარი გააკეთა ყველა პირველმა პირმა, მათ შორის მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ გადაიდგმება და არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი. არ მიიღება არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. პარლამენტი ამისთვის არის, რომ დებატები იმართებოდეს და არ არის პრობლემა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა უმრავლესობას კითხვები ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, ბესელიამ ასე უპასუხა: “ჩვენ კითხვებს კითხვებისთვის არ ვსვამთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ინფორმაცია მივიღოთ, რაც გვჭირდება. არავითარი კითხვები რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებაში არ დგას ჩვენთვის, თუკი არის ასეთი დიალოგის და დებატის გამართვის აუცილებლობა”, – აღნიშნა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს. როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც მინისტრმა კანონი დაარღვია, მათი მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.
„გაზპრომის“ თემა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რადგან არ მოდის კალაძე, უმრავლესობას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ქვეყანას ეკონომიკური ზიანი. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხის მისაღებად პოლიტიკურ დებატებს ვითხოვთ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები