იურგენ ბოსს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

17 იანვარს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აკადემიური საბჭოს დადგენილებით საპატიო დოქტორის წოდება ასევე მიენიჭათ ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორს, დოქტორ ამალია მოსერს – თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, დოქტორ პიტერ ლიდიარდს- ბიოსამედიცინო მეცნიერების მიმართულებით თსუ სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების ხელშეწყობისთვის და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ვოლფგანგ ვენგს – თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საქართველოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტ ტობიას ვოსთან და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელთან, სიმონე ბიულერთან და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, მედეა მეტრეველთან ერთად, მან სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან.
მხარეებმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები