„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება, დაიშალა 3-4 ნაწილად“

“თუ კვალიფიციური ოპოზიცია არ გეყოლა, ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლება მოდუნდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიულ სისტემებში ყველა სახელისუფლებო პარტია, ადრე თუ გვიან, იყო ოპოზიციური პარტია, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ოპოზიციური სპექტრის არსებობა. ქუცნაშვილის აზრით, აქ რაიმე ხელოვნური ჩარევა კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება.
„ალბათ, ბევრი ხალისობთ, ბევრი განიცდით იმას, რაც ხდება ოპოზიციურ ველზე. ფაქტობრივად, ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. საპარლამენტო არჩევნებმა დასაბამი დაუდო ოპოზიციური პარტიების დაშლის პროცესს და ვფიქრობ, იანვარ-თებერვალში დასრულდება ოპოზიციური პარტიების- ყველაზე აქტიურ პარტიებს ვგულისხმობ – დაშლის პროცესი. მე არ ჩამოვთვლი იმ პარტიებს, რომლებმაც ეს მოასწრეს 2016 წლის გვიან შემოდგომაზე. კარგია თუ ცუდი, ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია.
რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური, ძლიერი ოპოზიცია, მე ყოველთვის ვამბობ, რომ დემოკრატიულ განვითარებას, პრობლემების აქტუალიზაციას, ხელისუფლების ფორმაში ყოფნას ძალიან სჭირდება კვალიფიციური ოპოზიციის არსებობა. თუ კვალიფიციური ოპოზიცია არ გეყოლა, ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლება მოდუნდება. დემოკრატიულ სისტემებში ყველა სახელისუფლებო პარტია, ადრე თუ გვიან, იყო ოპოზიციური პარტია, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ოპოზიციური სპექტრის არსებობა. აქ რაიმე ხელოვნური ჩარევა კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნებოდა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება და 3-4 ნაწილად დაიშალა.
„ბუნებრივი გადარჩევის პროცესი მიდის, ზოგიერთ პარტიაში ძალიან მტკივნეულადაც, ზოგიერთმა შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანა ეს პროცესი, მაგალითად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთ კვირაში დაასრულეს ეს, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – ერთ თვეში. ე.წ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა ერთიანობის სახელის ტარების უფლება, დაიშალა 3-4 ნაწილად და საკმაოდ მტკივნეულად მიდის ის პროცესი, რომელსაც ყველა ვაკვირდებით. ჩემი პროგნოზი, რომ ისინი დაიშლებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არ გამართლდა. უფრო ადრე დაიშალნენ მესამე და მეოთხე ნაწილად, ვიდრე მე ველოდებოდი მათ ლოგიკურ დაშლას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები