გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები კასპის რაიონში ცემენტის წარმოებით დაინტერესდნენ

გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად, დღეს კასპის რაიონს ესტუმრა, სადაც კომპანია „ჰაიდელბეგცემენტჯორჯიას” კასპის ცემენტის ქარხნის მუშაობას, მოსახლეობის პრობლემებსა და ცემენტის უსაფრთხო წარმოების გეგმებს ადგილზე გაეცნო.
კასპის რაიონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც კასპის ცემენტის ქარხნის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ქარხანაში დღეს არსებულ ვითარებაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე ცემენტის წარმოების ახლებური მეთოდის პრეზენტაცია კომპანია „ჰაიდელბეგცემენტჯორჯიას” გარემოს დაცვის მენეჯერმა ზაზა ჯიჯეიშვილმა გამართა. მისი განცხადებით, საკითხი ეხება ცემენტის წარმოებაში ე.წ. ახლებური – მშრალი მეთოდის გამოყენებას, რომელიც გარემოს შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს და, ამგვარად, ამ მეთოდის დანერგვა ფრიად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით. შესაბამისად, იგეგმება ცემენტის ძველი ქარხნის განახლება და ამ მიზნით განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონი აშშ დოლარი იქნება. სამომავლოდ, ასევე იგეგმება ამ ქარხანაში ალტერნატიული საწვავის გამოყენებაც, რომელიც ნარჩენების გადამუშავების შედეგად იქნება მიღებული, რაც თავის მხრივ რაიონში ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების მოაგვარებასაც შეუწყობს ხელს. კომპანია რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც გეგმავს. მათ შორისაა საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უკვე წელს დაიწყება. ეს პროექტი ერთი მხრივ უზრუნველყოფს ქარხნის ნედლეულით მომარაგებას საავტომობილო გზის მეშვეობით, მეორე მხრივ ამ გზით მოსახლეობაც ისარგებლებს. პროექტის განხორციელებისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსების კუთხით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარება საპარლამენტო კომიტეტის მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება და როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ყველაფერი გაკეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები