გიორგი კვირიკაშვილი: ამ რეგიონიდან წასული ადამიანები დღეს უბრუნდებიან რაჭა-ლეჩხუმს და ახალ საქმეს იწყებენ

„ყველაზე ძალიან რაც მახარებს არის ის, რომ ამ რეგიონიდან წასული ადამიანები დღეს უბრუნდებიან რაჭა-ლეჩხუმს და ახალ საქმეს იწყებენ“, – ამის შესახებ ამბროლაურში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სადაც მან აეროპორტი გახსნა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სულ რამდენიმე წლის წინ ეს რეგიონი დაცლის საფრთხის წინაშე იყო.
„ჩვენ არა მხოლოდ ავიცილეთ რეგიონის დაცლის საფრთხე, არამედ სრულიად ახალი სუნთქვა ჩავბერეთ ამ რეგიონს. მჯერა, რომ სულ რამდენიმე წელში ჩვენ აქ ვნახავთ წელგამართულ, თავაწეულ, ამაყ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმითა და მარიფათით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და დაასაქმებენ სხვებსაც. ყველაზე ძალიან რაც მახარებს, ეს არის ის, რომ აქ ბრუნდება ამ რეგიონის მკვიდრი უამრავი ახალგაზრდა ქალაქიდან, აქედან წასული ადამიანები დღეს უბრუნდებიან ამ რეგიონს და იწყებენ ახალ საქმეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და განათლების მიმართულებით, ხელისუფლება გეგმავს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას პროფესიულ განათლებაზე.
„ჩვენ გვესწრება კომპანია „ბლაუენშტაინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სულ რამდენიმე თვის, 4 თვის წინ მე ვიყავი ამოსული ამ კომპანიის სანახავად. ეს არის კომპანია, რომელიც კოოპერაციის გზით, ახერხებს თანამედროვე სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის წარმოებას. კოოპერაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ მცხოვრებლები რჩებიან მიწის მესაკუთრეებად. მათ არავინ ართმევს მიწას და არ აერთიანებს ამას ერთ დიდ მეურნეობაში, არამედ შვეიცარიელი და ქართველი ინვესტორი ერთად ახორციელებენ ამ ინვესტიციას. ეს არის მოდელი, რომელიც ჩვენ გვინდა გავავრცელოთ მთელ რაჭა-ლეჩხუმსა და მთელ საქართველოში. ეს არის უამრავი ახალი კვალიფიციური მუშახელი, ეს არის უამრავი ადამიანი, რომელიც იქნება წელგამართული ოჯახის პატრონი, უამრავი ახალგაზრდაა დაბრუნებული და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც მთელ საქართველოში იმუშავებს და რომელიც მთლიანად გააჯანსაღებს ქვეყნის მეურნეობას ისე, რომ ადგილობრივი მცხოვრები დარჩება მეპატრონე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, აეროპორტების გაერთიანების დირექტორს, ქეთი ალექსიძეს და აღნიშნულ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს.

„ძალიან დიდი ესტაფეტა ჩაიბარა ახალმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც მოუწევს ადგილობრივი ფერმერების, მცირე მეწარმეების დახმარება სახელმწიფო პროგრამებით, რათა ადამიანები წელში გაიმართონ და ახალი მოძრაობა შეიქმნას არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები