გიორგი მარგველაშვილი: გისურვებთ გქონოდეთ ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელი დღე – დროშის დღე მიულოცა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა, სადაც პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებსა და იუნკერებს უმასპინძლა და ომის ვეტერანები მედლებით დააჯილდოვა.

„დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოს, დღეს როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, არის სიმბოლო ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა, არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისა და ყველას დასანახად აღვმართავთ დროშას იმისთვის, რომ ვთქვათ – ჩვენ გვაქვს უნარი, ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება.

საქართველოს დროშა საუკუნეების წინ აღიმართა, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და მაშინაც უშიშრად და თამამად, ძალიან რთულ ვითარებაში აღმართავდნენ ამ ალამს. ამ დროშის გამო და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ასიათასობით ჩვენმა წინაპარმა დადო თავი, მოიტანა დღევანდელ დღემდე სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ჭირსა და ვარამს, გაუძლო უძლიერესი მტრების შემოტევას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი დროშა მრავალი საუკუნის მატარებელია და მრავალი ჩვენი წინაპრის ღვაწლითა და სისხლით არის გაძლიერებული,

„თუმცა როდესაც ჩვენ დღეს დროშას აღვმართავთ, არ ვიყურებით მარტო წარსულში, ჩვენ ვიყურებით მომავალში“. „ჩვენ ყველას ნათლად ვამცნობთ იმ ძალას, რომელიც აღგვამართინებს ამ დროშას და ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და გაძლიერების უნარს გვაძლევს. დღეს მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენს თაობაში, ჩვენს რეალობაში თავისი თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი დროშის სამსახურს, რომლებმაც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე სწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს, რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული.

დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც ამ დროშისთვის იბრძოდნენ. აქ არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლებიც ამ ბრძოლაში დაეცნენ. დღეს აქ არიან მათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შესწირეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სიმბოლურია, რომ დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც თავისი სამსახური სწორედ ქვეყნის დაცვას მიუძღვნა. დღეს აქ არის ის ახალი თაობა, ვინც დროშას გადაიბარებს და ვინც მომავალ თაობებშიც საუკუნეებში განმტკიცებულ ჩვენს სახელმწიფოს გააგრძელებს. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. გისურვებთ, გქონოდეთ ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი ჰფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები