ირაკლი კობახიძე კალანდის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გურიის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და კალანდა მიულოცა.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, გურიაში იმყოფებოდა, სადაც კალანდის სახალხო დღესასწაულს დაესწრო.
„პირველ რიგში, ვულოცავ ამ ლამაზ დღეს გურიას, გურულებს და გურიასთან ერთად, სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს. პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ლამაზ ღონისძიებაში და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მივულოცო შობა, ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრადიციული საკალანდო თეატრალიზებული რიტუალი სოფელ ცხემლისხიდში, ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები: „შემოქმედი”,„იადონი”, „ელესა”,„ურეკი” და „ზენაარი” მონაწილეობდნენ.
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, კალანდა, იგივე კალანდრა ახალ წელიწადს ნიშნავს და მას განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში – გურიაში აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე, ოჯახის უფროსი ჯერ მარანს და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ  სახლში შედიოდა და ოჯახს ღვინით დალოცავდა. კალანდის ღამეს გურიაში მეალილოეებიც დადიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები