საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის პრემიერს შეხვდა

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრა გამართა. მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა გადასცა და  მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მზაობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

ასევე, შეხვედრაზე საუბარი  შეეხო  სექტორული თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გააქტიურებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრის და ბიზნესფორუმის ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებასა და ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას.

შეხვედრისას დაფიქსირდა მზაობა საქართველოსა და ლიტვას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები