პარლამენტის ქუთაისის სასახლეში იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილ 500-ზე მეტ ბავშვს პარლამენტის სასახლეში უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი კობახიძემ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ერთიან საქართველოში წარმატებული მომავალი უსურვა. მან განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი კეთილდღეობის საფუძველი სწორედ განათლებაა.

„გვიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ, გვიქმნით და იზიარებთ საზეიმო განწყობას ამ ახალ წელს. 2017 წელს მინდა გისურვოთ ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო. მინდა გისურვოთ, პირველ რიგში, ბედნიერი და წარმატებული მომავალი ერთიან საქართველოში. თქვენ ეს იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწავლა და განათლება არის მთავარი საფუძველი თქვენი კეთილდღეობის, თქვენი წინსვლის და რაც მთავარია, მხოლოდ სწავლით და განათლებით შეგიძლიათ თქვენ დიდი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს მომავალში და მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ბედნიერი მომავალი, ყველაფერი საუკეთესო 2017 წელს და ზოგადად, მომავალში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„ძალიან მიხარია, რომ ამდენ პატარას და ამდენ ნათელ სახეს ვხედავ. მინდა, მთელი სულით და გულით მოგილოცოთ ახალი წელი და ძველით ახალი წელი, რომელსაც დასავლეთში განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე. მინდა, ბედნიერება გისურვოთ. ძალიან კარგად უნდა ისწავლოთ და ძალიან ბევრი წარმატება უნდა გქონდეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეკრებილებს შობა-ახალი წელი მიულოცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმაც და განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს ნათელი მომავალისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„უაღრესად მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, ამდენ ანგელოზს რომ ვხედავ ერთ სივრცეში. ერთ რამეს გპირდებით – რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი იყოს ნათელი, თქვენ ყველანი იყოთ წარმატებულები და ქვეყანა წავიდეს წინ. ქვეყნის წინ წასვლა თქვენი კარგად ყოფნაა პირველ რიგში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ბავშვებს მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა.

„როგორც საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს, მოგილოცავთ ახალ წელიწადს. მინდა, ყველგან იყოს ლამაზი, საახალწლო განწყობა და არა მხოლოდ ახალ წელიწადს. ცოდნით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე ჩვენს ქვეყანაში იყო უფრო ბედნიერი”. – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა. „გილოცავთ შობა-ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უფლებამოსილების პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებს უკეთესი საქართველო დავახვედროთ”,- მიმართა შეკრებილებს კობა ნარჩემაშვილმა.

ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სურვილების ახდენა უსურვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემაც.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქუთაისს, აქ დამსწრე საზოგადოებას დღევანდელ ლამაზ დღეს. მინდა გისურვოთ, რომ ნამდვილად ყოფილიყავით სასახელო ხალხი”, – განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

დღესვე, ბავშვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვილთან ერთად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, პარლამენტის სახელით სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ „ჭინჭრაქაზე” უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები