თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით განხორციელდება

თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით განხორციელდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანია “ჯორჯია ტრანზიტის” დირექტორმა დავით ჩირაძემ და “კასპიან ტრანზიტის” გენერალურმა დირექტორმა რატი ღვამბერიამ განაცხადეს.
ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება სამწლიანია. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით 4,5 მლნ ტონა ტვირთი გატარდება, ხოლო, საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში მინიმუმ 60 მლნ ლარით შეივსება. “საქართველოს რკინიგზაში” მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმების საკითხს.
შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აღნიშნული ტვირთის გადამისამართება მახაჩყალის მიმართულებით ნოვოროსიისკის პორტში მოხდა. 2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფენში დაბრუნების თაობაზე. 7 წლის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს დერეფანს დაუბრუნდა – 2015 წლის პირველი საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია “კასპიან ტრანზიტის” მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა. დღეიდან კი, სამწლიანი შეთანხმების შედეგად, ყოველწლიურად, თურქმენეთიდან საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით 1,5 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიზიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები