იანოშ ჰერმანი: ვკითხულობთ სხვის ანგარიშებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს დოკუმენტებში რას ავსახავთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. როგორც იანოშ ჰერმანი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, „მნიშვნელოვანია, თუ ჩვენს დოკუმენტებში რას ავსახავთ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“. „ჩვენ ვაკვირდებით, ვსწავლობთ სხვადასხვა ანგარიშებს, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს. თუმცა, ჩვენ ჩვენი აზრი გაგვაჩნია საქართველოში არსებულ პროგრესზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში. ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ანგარიში, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის მოსაზრება“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი“. Human Rights Watch-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში. ანგარიშში საქართველოზეც არის ინფორმაცია. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო უშიშროების სამსახურების თავისუფალმა წვდომამ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე, რისკის ქვეშ დააყენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დადგომის ნაკლებობა არსებობს. ანგარიშის ავტორების აზრით, სხვა სფეროები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს საქართველოში, მოიცავს მედია თავისუფლებას და ლგბტ ადამიანების უფლებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები