თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება

14 იანვარს, 15:00 საათზე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ წინ მდებარე სკვერში ლეგენდარული ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორია ცნობილი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე, რომელმაც მანამდე შექმნა სოფიკო ჭიაურელის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, ირაკლი ტრიპოლსკის, გურამ საღარაძისა და სხვა მსახიობების ძეგლები და ბიუსტები.
ნატო ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) დაიბადა 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში.
იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი იყო 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა.  თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად.
ნატო ვაჩნაძემ ითამაშა ფილმებში: “მამის მკვლელი”, “სამი სიცოცხლე”,  ,,ჩვენი ქვეყნის რაინდი”, “ვინ არის დამნაშავე”, “გიული”, “ამოკი”, “კრაზანა”, “უკანასკნელი ჯვაროსნები”…
ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საჰაერო კატასტროფის დროს, თავისი დაბადების დღეს დაიღუპა. დაკრძალულია თბილისში. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ, კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები