ეკა მიშველაძე პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე – ველოდებით გამოძიების დასრულებას და იმედია, ყველაფერი იქნება ეფექტური

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. როგორც ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, „ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა“. მიშველაძის ინფორმაციით, გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე, მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.
”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ, არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, – განაცხადა მიშველაძემ.
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე – მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური ”რესპუბლიკური საავადმყოფოს” გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
”რესპუბლიკურ საავადმყოფოშია” მოთავსებული გოგოჭურის მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პრეზიდენტის სიძე – მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე თავად მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი, მიხეილ თათარაშვილიგამოკითხა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები