საგარეო უწყება ესპანეთში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ესპანეთის მედიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანაში „ქართული მაფიის“ 61 წევრია დაკავებული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს.
„ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 61 ქართველი 2016 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მას შემდეგ მიმდინარე გამოძიება დღეს დასრულდა და ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებამ საქმის მასალებზე ოფიციალური განცხადება გააკეთა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ქართული მაფიის 61 წევრია დაკავებული.
„მაფიოზური დაჯგუფების წევრები, ძირითადად, ქურდობით იყვნენ დაკავებულები. ამ საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო. დაკავებები გასული წლის ივნისიდან დაიწყო. მაფიოზურ ორგანიზაციაში 9 სხვადასხვა დაჯგუფება შედიოდა. დაკავებულთა შორის ქართველების გარდა ესპანეთის 8 მოქალაქეა. ოპერაციის დროს პოლიციამ 33 ათასი ევრო, 8 ძვირადღირებული ავტომობილი, 7100 კოლოფი სიგარეტი, ასევე სამკაულები და ელექტრონიკა ამოიღეს. ევროპოლმა, საფრანგეთის პოლიციამ და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა 300 ათასი ევრო სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად საქართველოში გადარიცხეს. სპეცოპერაცია ქართული მაფიის წევრების დასაკავებლად მადრიდში, ალიკანტეში, ბარსელონაში, ბილბაოსა და სევილიაში ჩატარდა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები