სალომე ზურაბიშვილი: დროულად მიმაჩნია, შსს-მ შეისწავლოს „ვარდების მოედნის“ ქვეშ არსებული მდგომარეობა
პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის „ვარდების მოედანთან“ დაკავშირებით გაჟღერებულ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას მიესალმება.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის, როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში არსებული სიტუაციის შესახებ მოსახლეობას არაერთხელ მიუმართავს.
„მივესალმები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია. აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არაერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის ცენტრში არსებულ ზოგიერთ ბარში ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. პრემიერმა ყურადღება „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ობიექტებზე გაამახვილა. მთავრობის სხდომის შემდეგ კი, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ცენტრში არსებულ ბარებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი წუხილი ისაა, რომ „ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში“. პრემიერის თქმით, ეს მისი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა.