სამართალდამცავებმა „გირჩის“ ოფისიდან მარიხუანა ექსპერტიზაზე წაიღეს – “დღეს არავის დაკავებას არ აპირებენ”

სამართალდამცავებმა პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ოფისიდან ექსპერტიზაზე ის მარიხუანა წაიღეს, რომლებიც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მოხალისეებთან ერთად 31 დეკემბერს საჯაროდ დათესა.
როგორც ჟურნალისტებს ”გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარტიის წევრმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, იგი და პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს აკვირდებიან.
”როგორც ჩანს, დღეს არავის დაკავებას არ აპირებენ, რადგან მცენარეები მიაქვთ ექსპერტიზაზე. ამჟამად მათი სათითაოდ დალუქვა და ოქმის შედგენა მიმდინარეობს. ამის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროცესი ძალიან ნელა და კორექტულად მიმდინარეობს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მათ იცოდნენ, რომ პარტიის წევრების ქმედება დასჯადი იყო, თუმცა აღნიშნული ქმედება გამოწვეულია ”ყველას უფლებების დასაცავად”.
პარტიის ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.
„გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები