რა დარღვევები აღმოაჩინა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა 99 კომპანიის შემოწმების შედეგად

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა.
“176 ობიექტზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის – 155, ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობის – 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის – 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის – 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის – 17, მიკროკლიმატის დაუცველობის – 70, მომეტებული საწარმო ხმაურის – 18, მომეტებული მტვრიანობის – 11 და სხვა“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხდომის შემდეგ შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შრომითმა ინსპექტორმა ნუკრი მელექსიშვილმა განმარტებები გააკეთა.
ნუკრი მელექსიშვილის თქმით, ერთ-ერთი შემოწმების დროს შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოვლინდა, რაც არის კონფიდენციალური და რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
„სატელეფონო ან წერილობითი შეტყობინებით ვაგებინებთ ბიზნეს ოპერატორს, რომ გვინდა მისი ობიექტის შემოწმება. შემდგომ უკვე თანხმობის საფუძველშე შევდივართ შესამოწმებლად. არის გარკვეული სფეროები, რომლებიც შეეხება ტრეფიკინგს, შრომით ექსპლუატაციას, იძულებით შრომას, აქ სრულიად შეუტყობინებლად, დამტკიცებული გეგმა-გრაფიკით შევდივართ ობიექტზე და ვამოწმებთ შესაბამისი კითხვარებით. დარღვევები პრაქტიკულად იდენტურია ყველა საწარმოში – ელექტრო, სახანძრო უსაფრთხოება, მიკროკლიმატი, შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის პირების არარსებობდა. მძიმე მრეწველობაში არის ასევე დამტვერიანება და ხმაური. შემდეგ ვწერთ დასკვნას და რეკომენდაციას ვაძლევთ გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისთვის, ჯარიმები არ არის. ასევე ვახდენთ რემონიტორინგს და შედეგი გვაქვს შეიძლება ითქვას, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი – ბიზნეს ოპერატორები ცდილობენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. წინააღმდეგობა და უკმაყოფილება არ გვაქვს მათგან. აღგვიქვამენ არა მაკონტროლებლად, არამედ დამხმარედ მათივე დასაქმებულების პირობების გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ნუკრი მელექსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები