მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის (დიდი ეროვნული მეჯლისი) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს. ამ მიმართულებით, ქართულმა მხარემ, ნატოს ვარშავის სამიტის წინ, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიღებული მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლიერება გამოხატა.
ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის ორი ქვეყნის კანონმდებელთა აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის წარმატება. აქცენტი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისა და სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
თურქეთის მხარემ ანკარის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრის შემდგომ, მინისტრმა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად, 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის პარლამენტის შენობის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები