“საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს”

„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია, ზოგან როგორ არის, ზოგან – როგორ, თუმცა ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენთვის მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია, რომ მოხდა პოზიციების თანხვედრა, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა უნდა დავაბალანსოთ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა კონკრეტული მსჯელობა იმაზე, ვის უნდა დარჩეს ე.წ. „გასაღები“ და აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე მომავალ კვირას გაგრძელდება.
„რაც მთავარია, ყველა მხრიდან სამუშაო ფორმატი არის ძალიან კონსტრუქციული და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შეთანხმებას მივაღწევთ“, – დასძინა ხუციშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები