მაია რჩეულიშვილმა დაგეგმილ ოპერაციაზე უარი განაცხადა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმა თოდუას მიერ დაარსებულ კლინიკაში დაგეგმილ ოპერაციაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.
ცუცქირიძის ინფორმაციით, იგი რჩეულიშვილს შეხვდა და ის მიზეზები მოისმინა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკურნალობაზე უარი თქვა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მაია რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გავლა და ყველა სახის სამედიცინო ჩარევაზე უარი სწორედ ამ მიზეზით განაცხადა.
”გულზე უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, რის შემდეგაც 2 კვირა იყო საჭირო რეაბილიტაციისთვის. 2 კვირის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ფილტვზე ძალიან რთული ოპერაცია. ამ ოპერაციის შემდეგაც საჭირო იყო სარეაბილიტაციო კურსი, რომლის განხორციელებაც, მაია რჩეულიშვილის აზრით, ციხეში შეუძლებელია. როდესაც ის მიხვდა, რომ ამ პროცედურის გარეშე შეიძლება უარესი შედეგი მიიღოს, გადაწყვიტა, საერთოდ უარი ეთქვა ოპერაციაზე”, – აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.
აღსანიშნავია, რომ მაია რჩეულიშვილმა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი 25 დეკემბერს დატოვა და ოპერაციის ჩასატარებლად ის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს, სადაც ხელმძღვანელის პოსტს აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა იკავებს.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები