“ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ დაწყებული რეფორმის წარმატებული ნაწილი და არ დავუშვათ სტანდარტის დაწევა”

“ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ დაწყებული რეფორმის წარმატებული ნაწილი და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ სტანდარტის დაწევა”, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ჟურნალისტებს ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის შემუშავების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა უსაფრთხოების, თავდაცვისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე უნდა იმსჯელონ. თამარ ქალდანი ამბობს, რომ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანი, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მისაღები ცვლილებებისა, პრაქტიკაში არსებული ყველა პრობლემის შესწავლაც უნდა იყოს.
„უკვე ორი წელია, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს. საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვეულ ასპექტებზე იმსჯელა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პასუხები არ არის, თუმცა პრაქტიკაში პრობლემები არსებობს. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ დაწყებული რეფორმის წარმატებული ნაწილი და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ სტანდარტის დაწევა. პირიქით, სამუშაო ჯგუფმა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რათა სტანდარტი უფრო ამაღლდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საუკეთესო ევროპულ გამოცდილებასთან. მოგეხსენებათ, ინსპექტორს, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, განესაზღვრა საპოლიციო სექტორზე ზედამხედველობის უფლებამოსილება და ჩვენ ამ ზედამხედველობას ვახორციელებთ. ამავე დროს, იმ მიმართულებებით, რაზეც ინსპექტორის მანდატი ვერ გავრცელდება (ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვა და კონტრდაზრვერვითი საქმიანობა), საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე უნდა ვიმსჯელოთ. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ თუნდაც ამ ორი წლის განმავლობაში რა ხარვეზები არსებობდა, მათ შორის, საზედამხედველო მანდატის თვალსაზრისით და როგორ შეიძლება უფრო მეტად გაძლიერდეს ან სიცხადე შევიტანოთ კანონმდებლობაში იმისთვის, რომ შემდეგ აღარ არსებობდეს დავის საფუძველი, თუ როგორ უნდა ემოქმედა ინსპექტორს“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები