პროკურორი: მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე უარი თქვა
“მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე უარი თქვა”, – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. “ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ კლინიკის ხელმძღვანელს, სადაც მაია რჩეულიშვილი მკურნალობდა, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია, რომ რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
„ჩვენ ვამბობთ, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას. ამით ცდილობენ, პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა. 12 იანვრის დანიშნულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს იმ მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას იძლევიან. ესენი არიან „ცენტრ-პოინტ აჭარას“ თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მაია რჩეულიშვილის მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორისაა ბუღალტერი, რომლის დაკითხვაში მონაწილება სურდა თავად ბრალდებულს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.