„ჩვენ გვექნება რეგულარული სამუშაო პროცესი ევროკავშირის ელჩთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში ახალ პოზიციაზე არჩევა მიულოცა.
იანოშ ჰერმანი დაინტერესდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმით და პრიორიტეტებით.
საუბარი შეეხო დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას და სხვა საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება რეგულარული შეხვედრები.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრა ძალიან საქმიანი და სასარგებლო იყო.
„სტუმარი დაინტერესდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ვისაუბრეთ კომიტეტის პრიორიტეტებზე. პირველ რიგში, ეს არის სასამართლო რეფორმის იმპლემენტაციის პროცესი. ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებენ, დავაკვირდებით სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შემდეგ როგორ განხორციელდება პრაქტიკაში ეს ცვლილებები. ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად გვექნება დისკუსია სასამართლო რეფორმის შემდეგ ეტაპზე და ესეც იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კომიტეტის საქმიანობაში”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იანოშ ჰერმანი დაინტერესდა საკონსტიტუციო რეფორმით და ამ რეფორმის პრიორიტეტებით, ასევე, პარლამენტის როლის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხებით.
„ვისაუბრეთ პარლამენტის როლის გაზრდაზე საკონტროლო ფუნქციით და მის ახალ ინოვაციურ ფორმატებზე, რომელიც გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მეტად ჩართვას ამ პროცესში და უფრო მეტ წარმომადგენლობას საკანონმდებლო სამუშაო პროცესში. ვისაუბრეთ, აგრეთვე, სტამბულის კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობაზე, ახალ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსის პროექტებზე, რომელიც შემუშავებულია და მომზადებულია განხილვებისთვის, ასევე მედიაციის ახალ კანონზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ თემებს და ამ საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ სამუშაო პროცესს.
„ახალარჩეულმა პარლამენტმა დაახლოებით თვენახევარში უნდა მოამზადოს ახალი ცვლილებები, რომელიც უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მხარს დაუჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველომ უნდა განახორციელოს.
„ესეც იქნება კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ გვექნება რეგულარული სამუშაო პროცესი ევროკავშირის ელჩთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ პროცესს, რომ ის, როგორც დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაცია აქტიური იყოს რეფორმების პროცესში”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები