ეკა ბესელია რატი გაჩეჩილაძის ბრალდებაზე – „ სსკ-ის 126-ე მუხლი წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე, ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის საქმეზე კომენტირებისას აღნიშნავს, რომ სსკ-ის 126-ე მუხლი, მისი სიმძიმიდან და სანქციიდან გამომდინარე, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების გამოყენების დროს, საერთო მაღალი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.
“ზოგადად, ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს იმის შესახებ, ძალადობა კარგია თუ არა. ძალადობა არ არის კარგი და ძალადობის გამოვლინება არავის მხრიდან არ მომწონს – ამას არასდროს ვუჭერდი მხარს და არასდროს დავუჭერ მხარს. ასევე ვარ წინააღმდეგი, მოხდეს პერსონალური შემთხვევების იმ მასშტაბში აყვანა, რომ მოხდეს ადამიანების დემონიზება. ამიტომ საჭიროა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დავიცვათ. ის თუ როგორი უნდა იყოს საქმის კვალიფიკაცია, არც ამაზე საუბარი მგონია სწორი. გამოძიება იმიტომ არის უფლებამოსილებით და პასუხისმგებლობით დატვირთული, რომ კვალიფიკაცია მან უნდა განსაზღვროს. რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, როგორც იურისტი პირდაპირ და ნათლად გეუბნებით, ამ მუხლზე (სსკ-ის 126-ე მუხლი) წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ ხდება. ეს არის ის კვალიფიკაცია, რაც წარდგენილი აქვს დაკავებულ პირს, რომელმაც თავად აღიარა, რაც მოხდა. 126-ე მუხლი, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, მუხლის სიმძიმიდან და სანქციიდან გამომდინარე. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ ხდება იმის მიხედვით, თუ ვის მიმართ განხორციელდა ძალადობა. ამიტომ თუკი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპზე ვსაუბრობთ, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საერთო მაღალი სტანდარტით, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს გამოიყენება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.
”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს ”სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები