2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 2015 წელთან შედარებით 25,63%-ით არის გაზრდილი
2016 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 2015 წელთან შედარებით 25,63%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით 41,42%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილი იქნა 2 840 455 მგზავრი, რაც 25,63%-ით (579 444მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 261 011 მგზავრი). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 2 252 535 მგზავრს მოემსახურა. 2015 წლის 12 თვის პერიოდში აღნიშნული მონაცემი 1 847 116 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 21,95% შეადგინა; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილი იქნა 312 343 მგზავრი, რაც 37,91%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (226 476 მგზავრი);
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 48,32%-ით გაიზარდა. თუ 2015 წელს აეროპორტი მოემსახურა 182 954 მგზავრს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 271 363 მგზავრი შეადგინა. 2016 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 15 318 სამგზავრო და სატვირთო რეისი (რეგულარული/ჩარტერული) შესრულდა, რაც 12,08%-ით აღემატება 2015 წელს განხორციელებული რეისების რაოდენობას (13 667). 2015 წელთან შედარებით, 4,12%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 128 446 ერთეული გადაფრენა, 2015 წელს – 123 364 ერთეული გადაფრენა). რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2016 წლის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 34 065. 259 ტონა შეადგინა, რაც 19 180.19 ტონით, შესაბამისად – 128,86%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.