ლევან გაჩეჩილაძის შვილი აცხადებს, რომ გვარამიასთან დაკავშირებული ინციდენტის მონაწილეა
ყოფილი ოპოზიციონერის, ლევან გაჩეჩილაძის შვილი რატი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული ინციდენტის მონაწილეა.
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან “Dinning room”- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”,- წერს რატი გაჩეჩილაძე ფეისბუქის გვერდზე.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ.
“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში შუქი ჩაქრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე.