„როცა აღიარებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და შენი პარტიის ჯიბე ერთი და იგივეა, ნებისმიერ პოლიტპატიმრობაზე საუბარი უკვე სპეკულაციაა“

„უგულავას აღიარება მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარი თავისთვის პოლიტპატიმრის წოდება მხოლოდ რაღაც პოლიტიკური დივიდენდისთვის არის საჭირო, თუმცა, როცა აღიარებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და შენი პარტიის ჯიბე ერთი და იგივეა, აქ ნებისმიერ პოლიტპატიმრობის საკითხზე საუბარი უკვე სპეკულაციაა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.
გია ვოლსკის მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას არ ამცირებს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბარიერის სხვადასხვა მხარეს იქნებიან, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს „სერიოზული ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოებასთან“.
„არა მგონია, ბარიერს იქეთ ან აქეთ მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი არ იყოს დამნაშავე, თუნდაც ირიბად, იმ ოჯახების გაუბედურებაში, რომლებიც არაერთი გვყავს საქართველოში. ბიზნესმენებს აღარ ჩამოვთვლი და წართმეულ და წაგლეჯილ ქონებას. რასაკვირველია, მთელი ცხოვრება ციხეში ვერ იჯდებოდა. ამნისტიაც შეეხო, რომელიც ჩვენი კანონით არის გარანტირებული ამ მუხლისთვის, რომელსაც ექვემდებარება მისი დანაშაული, მაგრამ ეს ყველაფერი წუთიერია, ძალიან მოკლე პერიოდია საერთოდ პოლიტიკური ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისთვის”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე ბრალის აღიარების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები