მამაკაცი, რომელმაც ფლორიდის შტატის აეროპორტში ხუთი ადამიანი მოკლა, ერაყის ომის ვეტერანი აღმოჩნდა
მამაკაცი, რომელმაც აშშ–ის ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ–ლოდერდეილის აეროპორტში ხუთი ადამიანი მოკლა, ერაყის ომის ვეტერანი ესტებან სანტიაგო აღმოჩნდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მას 6 სახელმწიფო ჯილდო ჰქონდა მიღებული და შეიარაღებული ძალები 2016 წელს დატოვა.
ესტებან სანტიაგო 2007 – 2011 წლებში პუერტო–რიკოში და ალასკაზე ნაციონალურ გვარდიაში მსახურობდა. 2010 – 2011 წლებში მისი ქვედანაყოფი ერაყის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა.
სროლა ფორტ–ლოდერდეილის აეროპორტში დღეს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ფლორიდაში კანადიდან ჩაფრინდა. მას ბარგში პისტოლეტი ჰქონდა. ბარგის მიღების შემდეგ, მამაკაცი ტუალეტში შევიდა, იარაღი გადატენა, ბარგის მიღების დარბაზში დაბრუნდა და იქ სროლა ატეხა. დაიღუპა 5 და დაიჭრა 10–ზე მეტი ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, ესტებან სანტიაგო იქამდე ისროდა, ვიდრე ვაზნები არ გაუთავდა.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.