ანა დოლიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად მიიღონ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს აინტერესებს – ხომ არ ნიშნავს გუნდურად გადაწყვეტილების მიღების მითითება, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური.

„თავისთავად ის, რომ უკვე ერთი წელი ხდება, რაც უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანსიების შევსება ჭიანურდება, არავისთვის არ არის კარგი. ეს არ მეტყველებს იმ ხალხის სასარგებლოდ, ვინც ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა დღეს მოვისმინეთ ერთი მხრივ კარგი განცხადება, რომ არ სურთ ამ საკითხზე წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ ამავე დროს მოვისმინეთ საინტერესო მსჯელობა, რომ წარდგენილ სამ კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება გუნდურად. მე მინდა კითხვები დავსვა ამ ტერმინთან დაკავშირებით – რას ნიშნავს გუნდურად გადაწყვეტილების მიღება? საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვინ შეიძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. რას ნიშნავს, როცა ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება იქნება გუნდურად მიღებული? საქართველოს პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად არ შეუძლია თვითონ იმსჯელოს არსებულ 3 თუ 4 კრიტერიუმს შეესაბამება თუ არა კონკრეტული კანდიდატი? – რა თქმა უნდა, შეუძლია. ხომ არ ნიშნავს გუნდურად გადაწყვეტილების მიღების მითითება, რომ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური? თუ ეს ამას ნიშნავს, მაშინ აქ მე მიჩნდება კითხვები, იმიტომ რომ კონკრეტულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიკის ნაწილი. ეს უნდა იყოს პროცესი, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრები ობიექტურად იმსჯელებენ, რომ სისტემა დააკომპლექტონ კვალიფიციური, ობიექტური და დამოუკიდებელი ადამიანებით“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები